logo
ENG



თალაკვაძე: "მოქალაქეებთან" გაფორმებული მემორანდუმი ხელმოსაწერად სხვა პარტიებისთვისაც ღიაა

31 იან 202110:29
3 წუთის საკითხავი
 
თალაკვაძე: "მოქალაქეებთან" გაფორმებული მემორანდუმი ხელმოსაწერად სხვა პარტიებისთვისაც ღიაა

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ პარტია მოქალაქეებთან გაფორმებული მემორანდუმი ხელმოსაწერად სხვა პარტიებისთვისაც ღიაა. 

იმედის ეთერში თალაკვაძემ თქვა, რომ მემორანდუმში წერია ის, რაზეც თანხმობა იყო პარტიებს შორის მოლაპარაკებების დროს. 

„ამიტომაც, ეს დოკუმენტი ღიაა სხვა პარტიებისთვის ხელმოსაწერად. სწორედ ამ პირობებზე გვქონდა დაახლოებული ჩვენი პოზიციები მოლაპარაკების წინა რაუნდებზე. ამიტომ, ოპოზიციის წარმომადგენელთა დღევანდელი განცხადებები, რომ ეს მემორანდუმი არაფერს ნიშნავს, პოლიტიკური უსინდისობაა. ეს არის რეფორმების ზუსტად ის პაკეტი, რაზეც მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენ პოზიციები გვქონდა დაახლოებული. შესაბამისად, ენდობით თუ არა იმ პარტიებს, რომლებიც გუშინ ამბობდნენ, რომ ეს კარგი რეფორმებია და დღეს ამბობენ, რომ მაგას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თქვენ გადაწყვიტეთ". - თქვა მან. 

პარტია მოქალაქეებმა - ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს. მათ ქართულ ოცნებასთან მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც, როგორც ამბობენ, საარჩევნო სისტემის რეფორმას ეხება. 

სხვა ოპოზიციური პარტიები 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ბოიკოტის რეჟიმში არიან. პარტიები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო რეფორმას თანხმდება, რაც სხვა პარტიებისთვის არასაკმარისია. 

ბოიკოტის გამო 2020 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბა. მოგვიანებით პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიიდან მოხვედრილი 4 დეპუტატი შევიდა და პარტია ევროპელი სოციალისტები ჩამოაყალიბა. უახლოეს მომავალში მათ მოქალაქეები შეუერთდებიან.  

ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა. თუმცა, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არ დაკმაყოფილდა. ხელისუფლება უარს ამბობს ოპოზიციის შეთავაზებაზეც, ჩატარდეს პლებისციტი და ხალხმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. 


close დახურვა